მინისტრის მოადგილემ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს ახალი დირექტორი წარუდგინა
21 იანვარი 2020
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ მანდარია წარუდგინა.
შეხვედრისას, ილია ბეგიაშვილმა ბაკურიანსა და გუდაურში იანვრის დასაწყისში შექმნილი ვითარებაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და კოორდინირებული მუშაობა, რათა მსგავსი პრობლემები თავიდან ავიცილოთ.
მინისტრის მოადგილემ და ახალმა ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადეს წყალმომარაგების კომპანიის ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში, რთულ კლიმატურ და რელიეფურ პირობებში 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
გრიგოლ მანდარიას განცხადებით, კომპანია გააგრძელებს აქტიურად მუშაობას, რათა დაძლიოს დარგში დღეს არსებული გამოწვევები და სირთულეები.
,,მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წყლის მიწოდების სერვისები რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში გაუმჯობესდეს. ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები დეველოპერებთან, მუნიციპალიტეტებთან, ბიზნეს სექტორთან და შესაბამის უწყებებთან, რათა კოორდინირებულად ვითანამშრომლოთ, მივყვეთ მზარდ ტურისტულ ტემპს და დამსვენებლები სტაბილური წყლის მიწოდებით უზრუნველვყოთ. 2020 წელს კომპანია დამატებით 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. მოგვიწევს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობა, რათა მიმდინარე მასშტაბური სამუშოები დროულად დავასრულოთ, დავიწყოთ ახალი პროექტები და გავაუმჯობესოთ წყლის მიწოდების მომსახურება’’-განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.
ახალ ხელმძღვანელს წყალმომარაგების სფეროში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება გააჩნია. 2012 წლიდან გრიგოლ მანდარია მუშაობდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში - წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორად, ხოლო კომპანიაში დანიშვნამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, წყალმომარაგების საკითხებში მრჩევლის პოზიციას იკავებდა.